English / ქართული / русский /
ბექარ კილასონია
ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები და ცვლილებები 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში

ანოტაცია. მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფოს წარმატების ძირითად საფუძველს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის მიღწევა წარმოადგენს, თუმცა აღნიშნულს ქვეყანათა მცირე ჩამონათვალი თუ ახერხებს.

 ეკონომიკური ზრდის, მისი შედეგების კრიტიკული ანალიზის და ეკონომიკური ზრდისადმი ახლებული მიდგომის, კერძოდ მისი შეზღუდვის კონცეფციები, რაც არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა, მწვავე პრობლემაზე რეაგირებაა. მიუხედავად მათ შინაარსში ცალკეული მიუღებელი და რეალობას მოწყვეტილი აზრების არსებობისა, კონსტრუქციული ელემენტებიც ბევრია. 

ეკონომიკური მაჩვენებლები იძლევა იმის საშვალებას, გავიგოთ ეკონომიკაში არსებული სრული სურათი.  მისი წყალობით სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, დაინახოს თავისი ნაკლოვანებები და შემდეგ მოიძიოს გზები არსებული პრობლემების  გამოსასწორებლად. ჯანსაღი ეკონომიკა ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია, ძლიერი სახელმწიფო კი   ეკონომიკურად ძლიერი მოსახლეობის გარანტია,  ეკონომიკურად ძლიერი მოსახლეობა კი თავის მხრივ ძლიერი სახელმწიფოს შენების უცვლელი ბერკეტია, ამიტომ ეს ეგრეთწოდებული  წრებრუნვის მოდელი ერთიანი ჯაჭვის დამაკავშირებელი ნაწილია.

საკვანძო სიტყვები:  მთლიანი შიდა პროდუქტი,  ეკონომიკური ზრდა,    პირდაპირი უცხოური ინვესტიციები,ეკონომიკური თავისუფლება, ბიუჯეტის კანონპროექტი,  სახელმწიფო ვალი.

შესავალი

მსოფლიოში, ნებისმიერ სახელმწიფოს სურს იყოს ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა, თუმცა ამას ქვეყნების მცირე რაოდენობა თუ ახერხებს. ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ძლიერი ეკონომიკის არსებობა. ეკონომიკის ზრდა, განვითარება უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა დღესდღეობით უმთავრესი მაინც ტექნოლოგიების განვითარება  შეიძლება ჩაითვალოს. მსოფლიში ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება, რომ, ხშირ შემთხვევაში, ადამიანს უჭირს მასთან გამკლავება. სახელმწიფო, რომელის უთავრესი მიზანი ინოვაციები და   ტექნოლოგიური განვითარებაა  ყოველთვის შეძლებს მის ხელთ არსებული რესურსის ჯეროვნად გამოყენებას და მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევას.

მაღალი ზრდის ტემპის მისაღწევად   აუცილებელია სწორი პოლიტიკისა და არსებული  რესურსების  ჯეროვნი გამოყენება.  არსებობს ქვეყნები, რომლებიც თავიან რესუსრსს კონკრეტულ სექტორებზე ანაწილებენ და ამ კუთხით უდიდესი გიგანტი მიმწოდებლები არიან, მათ შეუძლიათ ბაზარზე უამრავი სხვადასხვა რყევების გამოწვევა, რომლებიც მთლიანობაში მსოფლიო მასშტაბით პოვებს  ასახვას.

კაცობრიობას ერთი განუყოფელი ჰაერი, ერთი მსოფლიო ოკეანე, ერთი კოსმოსი, ერთი პლანეტა გააჩნია. ბუნებრივი პირობების გაუარესებას გლობალური ხასიათი აქვს, რადგან ჰაერის, მდინარეებისა და მსოფლიო ოკეანის გაჭუჭყიანების შემოფარგვლა არ შეიძლება მოცემული ქვეყნის საზღვრებით.  ეკონომიკაში დიდი ადგილი უჭირავს განუახლებად (არაკვლავწარმოებად) სიმდიდრეებს (ნავთობი და მინერალები). კაცობრიობა სულ უფრო მზარდი მასშტაბით გადავიდა არატრადიციულ ენერგორესურსებისა და მასალების გამოყენებაზე. აქ, უწინარე ყოვლისა, იგულისხმება ატომური ენერგიის, გეოთერმული ენერგიის სულ უფრო მზარდი გამოყენება და ხელოვნური მასალების შექმნა. ანალოგიური მდგომარეობაა კოსმოსის ათვისების  საქმეში. იგი მეტად ძვირი სიამოვნებაა, თანაც ამ სფეროში მიღწვებს დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია.

 სახელმწიფოს პრიორიტეტია საკუთარი მოსახლეობის დაცვა, მათი სოციალური ინტეგრირების ხელშეწყობა, თითოეული მოქალაქის ეკონომიკური სტაბილურობის და მსოფლიო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის მიღწევა, ასევე მოქალაქეებისთვის იმის ახსნა, თუ საიდან მოდის და სად მიდის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული პრიორიტეტის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აქტიური მოქალაქეების მეშვეობით[1]

*   *  *

2017 წელს  სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით,  მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 37 846,0 მლნ ლარი შეადგინა.  აქედან რეგიონებს შორის შემდეგი სახით გადანაწილდა: თბილისი 50,1 პროცენტი, იმერეთი 10,0 პროცენტი, აჭარის ა.რ. 8,9 პროცენტი, ქვემო ქართლი 8,2 პროცენტი და სამეგრელო-ზემო სვანეთი 6,4 პროცენტი[2].

რაც შეეხება 2018 წლის მე-3 კვარტლის  მონაცეებს: მთლიანი შიდა  მიმდინარე ფასებში 10 586,8 მლნ ლარი შეადგინა. 2017 წელთან შედარებით შეინიშნებოდა ზრდა  3,7 პროცენტით, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 3,4 პროცენტით. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა სავაჭრო სექტორი რომლის პროცენტულმა მაჩვენებელმა 18,1% შეადგინა  და მრეწველობა,  რომლის პროცენტულმა მაჩვენებელმა 17,0%  შეადგინა.  შემდეგი პოზიციები კი გაინაწილეს ტრანსპორტმა და კავშირგაბმულობამ 11,5%, მშენებლობა 9,4 %[3].

2014-2016 წელს საშუალო ეკონომიკური ზრდა   მაშინ, როცა მეზობელი ქვეყნები რეცესიას განიცდიდნენ ან რეცესიის პირას იყვნენ, 3,5% იყო, 2017 წელს 5%, ხოლო 2018-2023 საშუალო მოსალოდნელი ზრდა IMF  მიხედვით 5,2% [4].

2017 წელს საქართველოში განხორციელდა  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების   რეკორდული მაჩვენებელი, რომელმაც ჯამში  1 894.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია და 2017 წელთან შედარებით 21 პროცენტით (328.7 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 9.4 პროცენტით და შეადგინა 389.2 მლნ აშშ დოლარი. რეინვესტირება გაიზარდა 97%-ით და შეადგინა 657.5 მლნ აშშ დოლარი.  2017 წლის მონაცემებით რეინვესტირების წილმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 34.7% შეადგინა რაც არც ისე ცუდი მაჩვენებელია[5].

2017 წელ ასევე შეინიშნებოდა ექსპორტის ზრდა - 29.5%-ით,  ასევე 2017 წელს იმპორტი გაიზარდა 8.8%-ით. ამავე წელს  ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებში  2.7 მლრდ დოლარი ზრდა 28.1%.  რაც შეეხება 2018 წელს, ანალოგიურად  იანვარ-სექტემბერში ექსპორტი გაიზარდა 25.7%-ით[6].

რაც შეეხება ბიუჯერტს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად უნდა იყოს მორგებული იმ სამთავრობო პროგრამებსა და პრიორიტეტებზე, რომელიც გაიწერა წინასწარ და რომლის შესრულების ვალდებულებაც აკისრია სახელმწიფოს. ბიუჯეტში არსებული პრიორიტეტები სახელმწიფოს აძლევს  მანევრირების საშუალებას, რათა განსაზღვროს ის მოცულობა, რომელიც ამ ეტაპისთვისაა აუცილებელი და საჭირო.  2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი თუ მთლიანად არა,  ნაწილობრივ   მაინც ემსახურება   მთავრობის მიერ არჩეულ და პრიორიტეტულ პროგრამას: თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, სახელმწიფოს ბიუჯეტს გააჩნია თავისი პრიორიტეტები, რისი შესრულების ვალდებულება მას კანონით აკისრია. პრიორიტეტები იმისდა მიხედვით განისაზღვრება თუ რა საჭიროება და რა ამოცანის შესრულება დგას დღის წესრიგში.  აქედან  გამომდინარე დღესდღეობით 2019 წლის ბიუჯეტში შემდეგი პრიორიტეტებია გასაზღვრული: ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; რეგიონული განვითარება; ინფრასტრუქტურა და ტურიზმი; განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადება; მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება; ინსტიტუციური განვითარება და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერა; იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა სახელმწიფო მხარდაჭერა და რეინტეგრაციის ხელშეწყობა;  კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; საერთაშორისო ურთიერთობები და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია; სოფლის მეურნეობა; სასამართლო სისტემა;  გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა[7].

2019 წელს თუ განვიხილავთ, დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის პროცენტული მაჩვენებელი  განსაზღვრულია  4.5%-ით. 2020 წესს კი ეს მაჩვენებელი გაზრდილია 0,5%-ით და დაგეგმილია ეკონომიკური ზრდა მიახლოებით 5%. შემდეგ წელს ანალოგიურად შესაძლებელი იქნება 0,5% იანი მატება, აქედან გამომდინარე, 2022 წლისათვის ეკონომიკურმა ზრდამ 6%-იან მაჩვენებელს უნდა მიაღწიოს.

ინფლაციასთან დაკავშირებით კი შესაძლებელია ითქვას ის, რომ  ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული ნიშნული 3% -ით შეაფასა[8]

 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი 

ცხრილიდან ნათლად ჩანს ის ფაქტი, რომ იზრდება 2018 წლის  ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი და მთლიანობაში ის განისაზღვრება 41.5 მლრდ ლარით.

რაც შეეხება 2019 წლის მოსალოდნელ   ნომინალურ მშპ-ს მოცულობას განისაზღვრა 44.9 მლრდ ლარის ოდენობით,  ხოლო 2022 წლისთვის  ეს მაჩვენებელი პროგნოზირებულია  და საკმაოდ გაზრდილია, რომელიც მოცემულობაში  57.6 მლრდ ლარით არის განსაზღვრული[9].

 

წყარო: ეკონომიკის სამინისტრო[10].

2019 წლის საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) 45 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს.  2019 წლისათის ლარის დოლარის მიმართ გაცვლით საორიენტაციო კურსად 2.63 არის აღებული. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 2019 წელს 4 600 დოლარამდე უნდა გაიზარდოს. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე 3%-ია. ექსპორტი 12.9%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო იმპორტი — 6.6%-ით. მთავრობის ვალმა მშპ-ის 42.2% უნდა შეადგინოს —საგარეო ვალი მშპ-ს 32.4% იქნება, ხოლო საშინაო ვალი მშპ-ს 9.8%.

2019 წლისათვის დაგეგმილი საპროგნოზო მაჩვენებელი, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 12,863.8 მლნ ლარით  განისაზღვრა. თუ  გავიხსენებთ წინა წლის ანალოგიურ შემოსულობებს დავინახავთ იმ ნათელ ფაქტს, რომ წლევანდელი შემოსულობები შარშანდელთან შედარებით ბევრად გაზრდილია. ზრდის მაჩვენებელი კი  423 მლნ ლარია.  ზრდა ძირითადად გამოწვეულია საგადასახადო შემოსულობებით, რაც ცალსახად სამართლიანია.

 

წყარო:  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი[11] 

რადგან გადასახადები ვახსენეთ,  წლევანდელ ბიუჯეტში მისი ცვლილებებიც განვიხილოთ.   წლევანდელ ბიუჯეტში მისი ცვლილება 150 მლნ აღემატება. სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი გადასახადებზე მოდის, ამიტომ ეს რიცხვი სავსებით რეალური და ლოგიკურიცაა.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტი გამორჩეულია იმით, რომ თან ახლავს ფისკალურ სექტორში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებები: გათანაბრებითი ტრანსფერის გაუქმება და ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები.

2019 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთ უპრეცედენტო შემთხვევად შეიძლება მოვიჩნიოთ ის რომ,  საშემოსავლოდან მიღეული შემოსავლების ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში აღარ შევა, ამავე დროს, გათანაბრებითი ტრანსფერის სახით მიღებული შემოსავალი.   ამის სანაცვლოდ  ადგილობრივი მუნიციპალიტეტები დღგ-დან მიიღებენ გეგმიურ 19%, რაც სრულიად სამართლიანია. წლევანდელ ბიუჯეტში ეს თანხობრივად მიახლოებით 947 მლნ ლარია.

946.6 მლნ ლარი, რომელსაც მუნიციპალიტეტები მიიღებენ  სპეციალური ფორმულის მიხედვით განაწილდება. მაგ., 6-დან 18 წლამდე მოზარდების, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების სტატუსის მქონე პირების რაოდენობას და მუნიციპალიტეტის ფართობის გათვალისწინებით[12].

2019 წელს დღგ-დან მუნიციპალიტეტების შემოსავლის 50%-ს (473 მლნ ლარს) თბილისი მიიღებს, 5%-ს (48 მლნ ლარს) ბათუმი, 3.5%-ს (33 მლნ ლარს) ქუთაისი და ა.შ. 2018 წელს გათანაბრებითი ტრანსფერიდან და საშემოსავლო გადასახადიდან თბილისი 436 მლნ ლარს იღებს, ანუ 2019 წელს მისი დაფინანსება 37 მლნ ლარით იზრდება. დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 130 მლნ ლარით დაფინანსდება თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანა[13]

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო[14]

სახელმწიფო ვალის ნაცვლად მთავრობის ვალი შეიზღუდება მშპ-ის 60%-მდე. მთავრობის ვალი, სახელმწიფო ვალისგან განსხვავებით, ეროვნული ბანკის ვალს არ მოიცავს. ეს ცვლილება ლოგიკურია, რადგან ეროვნული ბანკის ვალს სახელმწიფო ბიუჯეტი არ ემსახურება. 31 აგვისტოს მდგომარეობით ეროვნული ბანკის ვალი 325 მლნ ლარია, მთავრობის ვალი კი — 16.7 მილიარდი ლარი. იცვლება მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების ზღვრული პარამეტრი. პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 1%-ს. აქამდე ზედა ზღვარი 2% იყო. აღნიშნული ფონდებიდან ხარჯვის პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, ზღვრის დაწევა გამართლებულია.

 2019 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები (ბიუჯეტიდან დასახარჯი ჯამური თანხა) 12.7 მილიარდი ლარი იქნება, წინა წელთან შედარებით 270 მლნ ლარით, პროცენტებში 2,2%-ით მეტია.  ეს შედეგი ცალსახად რეალურია, რადგან შემოსულობების დაჯამებით მიღებულია მეტობა, აქედან გამომდინარე, მისი ხარჯვითი წილიც მეტი იქნება, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს რიცხვი არ არის დიდი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარეობს ბიუჯეტის დაბალი ტემპით მატება.   მატებასთან დაკავშირებით, რომელიც არც ისე დიდი პროცენტულობითაა მოცემული, შეიძლება დავაკავშიროთ ფისკალურ პოლიტიკასთან,  კერძოდ, ის შემოსულობები, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცემა განსაკარგავად, მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება.

ცალკე აღებული შემოსავლები, რომელიც გადასახადებს, გრანტებს და სხვა შემოსავლებს მოიცავს, 2019 წელს 33 მლნ ლარით ნაკლები იქნება, ვიდრე 2018 წელს. მათ შორის 148 მლნ ლარით მცირდება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და საზღვარგარეთის ქვეყნების მთავრობებიდან მისაღები გრანტების მოცულობა.

 გათანაბრებითი ტრანსფერის გაუქმების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 442 მლნ ლარით მცირდება. თუმცა, შრომის ანაზღაურების მუხლი 60 მლნ ლარით იზრდება. ეს მაშინ, როცა სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული დასაქმებულთა რიცხვი 1 513 ადამიანით მცირდება.

   შემცირებას რაც შეეხება, დიდი ხვედრითი წილით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გამოირჩეოდა. ამ სამინისტროში  შემცირებულა საერთო რიცხვმა მიახლოებით 293  მომსახურე პერსონალი შეადგინა. შემცირებას თან მოჰყვა შრომის ანაზღაურების გაზრდაც მიახლოებით  1.5 მლნ ლარით, ზრდის ასეთი ტენდენცია ძირითადად დათხოვნილი თანამშრომლების ხარჯზე შეიძლება მოხდეს.  ასევე თანამშრომლების შემცირება დაფიქსირდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, რომელთა საერთო ოდენობა 215 ადამიანით განისაზღვრა. ამ სამინისტროში განსხვავება ის არის, რომ ხელფასების ცვლილება არ დაფიქსირებულა და შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ დაზოგილი თანხების აკუმულირება სხვადასხვა დეპარტამენტებში მოხდება სიტუაციის შესაფერისად. შემცირება  დაიგეგმა   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 117 ადამიანით. ასევე  თავდაცვის სამინისტროში საერთო ოდენობა 98 კაცი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შემცირებები შეეხო საგარეო საქმეთა სამინისტროს 57 კაცით და  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 49 ადამიანით.  მთლიანობაში რომ ავიღოთ, შეგვიძლია გავაკეთოთ ერთობლივი დასკვნა იმის შესახებ, რომ ყველა უწყებაში, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, ხელფასები  იგივე ნარჩუნდება  ან მიზერულად მაინც იზრდება.

არაფინანსური აქტივების ზრდა, იგივე ინფრასტრუქტურული ხარჯი, 454 მლნ ლარით გაიზრდება და 2 082 მლნ ლარს გაუტოლდება. პრივატიზებიდან კი 60 მლნ ლარის მიღებაა დაგეგმილი.

აუცილებელია შევეხოთ ბიუჯეტის დეფიციტსაც. ამ წლისათვის ბიუჯეტის დეფიციტი განსაზღვრულია მიახლოებით 1 226 მლნ ლარით რაც არცთუ ისე დიდი რიცხვია და პროცენტულად მშპს-თან მიახლოებით 2,8%-ია. ბიუჯეტის დეფიციტთან ერთად მთავრობა ვალდებულია, ამ წელს დაფაროს წინა წლის აღებული ვალის ძირითადი თანხა, რომელიც  ამ ეტაპზე მიახლოებით  936 მლნ ლარს შეადგენს.   ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია მთავრობამ გამოყოს ან მოიზიდოს დამატებითი სახსრები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი გახდება ამ ნაკისრი  ვალდებულებების შესრულება, ამისათვის კი ყველაზე კარგი გზა საშინაო ვალის აღება იქნება, რომლის მიახლოებითი რაოდენობა 500 მლნ ლარით არის განსაზღვრული, ხოლო საგარეო ვალი 1 66.1 მლნ ლარით.

უწყებები და პროგრამები, რომელთა დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება

2019 წლის ბიუჯეტში რიგი ცვლილებებია დაანონსებული, რომელთა განხორციელება მთავრობის  უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს. ცვლილებათა პირველი რიგი  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლის შემოსულობები (დაფინანსება) გაიზარდა 240 მლნ ლარით, რომელიც ძირითადად დევნილთა ფართების დაკმაყოფილებას მოხმარდება. შემდეგ უკვე  225 მლნ ლარით იზრდება   პენსია, რომლის წყალობითაც 2019 წლის იანვრიდან პენსიონერები 20 ლარით გაზრდილ პენსიას იღებენ. ამ წელს არც ჯანდაცვა დარჩენილა უგულისყუროდ. ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდა 50 მლნ ლარით  განისაზღვრა, რომელიც ძირითადად მოხმარდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიას. მთლიანობაში მისი ბიუჯეტი  755 მლნ ლარით განისაზღვრა.

 140 მლნ ლარით იზრდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობაზე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე და მყარი ნარჩენების მართვის პროგრამაზე მიემართება.

საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება 95 მლნ ლარით იზრდება, რაც ძირითადად ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებას მოხმარდება.

ტელეკომუნიკაციას რაც შეეხება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება წინა წელთან შედარებით იზრდება და მისი ზრდა ჯამში შეადგენს  6 მლნ-ს ლარის პროცენტულად მიახლოებითი მატება 11.4%-ია.  მაუწყებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას ის ფაქტი, რომ მისი დაფინანსება პირდაპირ და ცალსახად მშპ-ს მოცულობაზეა მიბმული. რეალურ რიცხვებში მისი დაფინანსება წინა წელთან შედარებით მშპ-ს 0,14%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. 6 მილიონი კი ზუსტად ის ციფრია, რომელელსაც ეს კანონი არეგულირებს.

[15]

წყარო: ეკონომიკის სამინისტრო 

ვალდებულებებს რაც შეხება, ამ წლისათვის განსაზღვრული  მისაღები სახსრები  ზრდის სახით მიახლოებით 2,186.1 მლნ ლარია.  ეს სახსრებიც დაყოფილია შეფარდებითად და ასე გამოიყურება: პირველიუმთვრესი პრიორიტეტი ამ სახსრებში  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ვალდებულებების ზრდაა, რომელიც დღესდღეობით განისაზღვრება 500,000.00 ათასი ლარით. მეორე,   საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან „AFD“ მისაღები სახსრები, რომელიც განისაზღვრა  105,000.0 ათასი ლარით. მესამე,  საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან AFD მისაღები სახსრები  75,000.0 ათასი ლარის ოდენობით[16]. მეოთხე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები 1,301.1 მლნ ლარის ოდენობით[17]

დასკვნა

ფისკალური დეცენტრალიზაციის რეფორმის გამო  სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ 270 მლნ ლარით იზრდება. მნიშვნელოვნად იზრდება საპენსიო ხარჯი და კაპიტალური ხარჯები. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 1 513 ადამიანით მცირდება, თუმცა შრომის ანაზღაურებაზე 60 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე 2018 წელს. იზრდება ჯანდაცვის და განათლების ხარჯები, თუმცა ორივე შემთხვევაში პროგრამული ბიუჯეტირება გამართული არ არის და ხარჯვის ეფექტიანობის ზრდა დასახულ მიზანსაც კი არ წარმოადგენს.

ბიუჯეტიდან ამოღებულია საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულთა რაოდენობის და შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია. ამავე დროს, მაუწყებლის დაფინანსება 6 მლნ ლარით იზრდება. ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.7% იქნება. დეფიციტის დასაფარად მთავრობა 1 226 მლნ ლარის ახალ ვალს აიღებს, საიდანაც 500 მლნ ლარი საშინაო ვალი იქნება.

 ბიუჯეტის პროგრამების სწორად შედგენა კვლავ პრობლემად რჩება. განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლების მიმართულებით არსებული პროგრამები და ქვეპროგრამები, რადგან განათლების დაბალი ხარისხი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ზოგადი განათლების პროგრამის მიზანი განათლების ხარისხის ამაღლება არ არის და არც შესაბამისი ინდიკატორები ახლავს.

 ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი შენელებიდან და ლარის გაცვლითი კურსის საკმაოდ არაპროგნოზირებადი მომავლის გამო უმჯობესია მთავრობამ უფრო დაბალ დონეზე დაგეგმოს ბიუჯეტის დეფიციტი და, შესაბამისად, ნაკლები ახალი ვალი აიღოს. ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვის ეფექტიანობის ასამაღლებლად გამკაცრებას საჭიროებს პროგრამული ბიუჯეტის სწორად შედგენის კონტროლი. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს შედეგების შეფასების ინდიკატორების სწორად შერჩევას. 

ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელია სახელმწიფომ სწორად და ნათლად განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკა.  განსაზღვროს პრიორიტეტები და შესაბამის თანხვედრაში მოიყვანოს ბიუჯეტი. ეკონომიკური მაჩვენებლები ყველა სექტორში ერთნაირი ვერ იქნება, თუმცა სახელმწიფო იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ მიაღწიოს ეკონომიკურ ზრდას მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. მსოფლიოს რეიტინგებში წინსვლა მეტყველებს იმაზეც, რომ საქართველო ნელ-ნელა ცდილობს  მიაღწიოს დასახულ მიზნებს და შესაბამისად გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ამ მიზნების მიღწევის გზაზე იქნება ყველაზე გამართლებული. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბახტაძე ლ., კაკულია რ., ჯიბუტი ა, თბილისი, 2010. საჯარო ფინანსები, გამომცემლობა “დარგები’’.
  2. კაკულია რ., ჯიბუტი ა., 2009. საჯარო ფინანსები, გამომცემლობა “დარგები’’.
  3. http://www.economy.ge/ last modified 14/12/2018
  4. http://www.geostat.ge last modified 04/12/2018
  5. https://www.imf.org last modified 24/12/2018
  6. https://www.mof.ge last modified 24/12/2018
  7. https://www.worldbank.org/  last modified 24/12/2018

[1] http://www.nplg.gov.ge   last modified 08/04/2019

[2] http://www.geostat.ge/    last modified 08/04/2019

[3] http://www.geostat.ge/  last modified 11/03/2019

[4] https://www.imf.org   last modified    21/03/2019

[5] https://mof.ge  last modified 24/03/2019

[6] http://www.geostat.ge   last modified 24/03/2019

[7] http://www.parliament.ge   last modified  14/04/2019

[8] http://www.geostat.ge/  last modified 16/04/2019

[9] https://www.mof.ge/  last modified 16/04/2019

[10] http://www.economy.ge/   last modified 16/04/2019

[11] http://www.geostat.ge/     last modified 25/04/2019

[12] http://www.economy.ge/ last modified 21/04/2019

[13] www.transparency.ge     last modified 21/04/2019

[14] https://www.mof.ge/  last modified 24/04/2019

[15] http://www.economy.ge/ last modified 02/05/2019

[16] https://www.kfw.de   last modified 02/05/2019

[17] https://www.afd.fr  last modified 03/05/2019